სამტრედიის მუნიციპალიტეტი

Samtredia Municipality

აუქციონი
ტენდერი
ფოტოგალერეა
00.00.00
გაიმართება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სხდომა
» სამტრედიის №1 საჯარო სკოლა
სამტრედიის №1 საჯარო სკოლა

  დირექტორი ხათუნა ფაილაძე

სკოლა მდებარეობს 9 აპრილის ქუჩა N78-ში და განთავსებულია 1,3 ჰა ფართობზე. სამსართულიანია და შენობის ფართია 3163მ2. სკოლაში 62 თანამშრომელია, აქედან 54 პედაგოგი. სწავლობს 520 მოსწავლე.
მოწესრიგებული კაბინეტები, რესურსებისა და კომპიუტერების ოთახები, სასადილო და სპორტული დარბაზი სკოლის მნიშვნელოვანი ნაწილებია.
მიმდინარე სასწავლო წელს სკოლას გადასცეს 577 ახალი თანამედროვე ტიპის მერხი.
2005-2006 წლებში სკოლის პედაგოგთა მიერ მოპოვებულ იქნა ორი გრანტი, რის შედეგადაც სკოლა აღიჭურვა უახლესი ტექნიკური საშუალებებით: 1 ვიდეო კამერით, 1 ვიდეომაგნიტოფონით, ტელევიზორით, 1 აუდიო მაგნიტოფონით, 1 ფოტოაპარატით, 1 გენერატორით, 15 ,,პენტიუმ 4-ის,, ტიპის კომპიუტერით.
2007 წლის ზაფხულში სკოლის შენობას შეუცვალეს სახურავი, ფანჯრები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, გარემონტდა სველი წერტილები. სკოლა მუშაობს ერთ ცვლაში, აქვს მხოლოდ ქართული სექტორი.
■ სკოლის ისტორიიდან
მე-19 საუკუნის 90-იან წლებში სამტრედიაში მოქმედებდა ერთკლასიანი სამონასტრო სკოლა, რომელიც ხის შენობაში იყო განთავსებული. 1900 წელს მიიღეს გადაწყვეტილება სკოლისთვის ქვითკირის შენობა აეგოთ. იმავე წელს ადგილობრივ მცხოვრებთა, ხელოსანთა და ვაჭართა კრებამ ნათლისცემის ეკლესიის გალავანში გამართულ კრებაზე გამოიტანა დადგენილება სამტრედიის ერთკლასიანი სკოლა გადაკეთებულიყო ორკლასიანად.
1908 წელს რკინიგზის ორკლასიან სკოლასთან ერთად არსებობდა ორკლასიანი სამონასტრო სკოლა, რომელმაც ბინა დაიდო ახლად აგებულ ქვითკირის შენობაში. საბჭოთა ხელისუფლების წლებში ორკლასიანი სამონასტრო სკოლა შვიდწლიან სკოლად გადაკეთდა, რომლის დირექტორი ბატონი კონსტანტინე ცაგარეიშვილი გახლდათ. 1936 წელს კი შვიდწლიანი სკოლის ბაზაზე შეიქმნა ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ: თამარ ხაჟალია, ვალერიან ნინუა, ვალერიან თავაძე, დავით გახოკიძე, ლეონინა ჯიქიძე...
1952-1965 წლებში სკოლას სათავეში ედგა ბატონი დავით გახოკიძე. იგი უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა პედაგოგებსა და აღსაზრდელებში. მისი ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო N1 სკოლას ,,გახოკიძის სკოლას,, ეძახდნენ.
სკოლამ 1956 წელს დიდი გადაჭარბებით შეასრულა აბრეშუმის პარკის ჩაბარების გეგმა, რისთვისაც მონაწილე გახდა სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის მოღვაწეთა გამოფენისა. ,,ჩვენი სკოლის შრომითი საქმიანობის ექსპონანტები- თვალსაჩინო ხელსაწყოებში საგამოფენო კომიტეტის მიერ გადაეცა მოსკოვის მეშვიდე სკოლა-ინტერნატს,,. ვკითხულობთ ბატონი დავით გახოკიძის ხელნაწერებში. მოსკოვში გამოფენაზე შეხვდნენ ერთმანეთს ლატვიის სსრ ქალაქ ბაუსკას და N1 სკოლის წარმომადგენლები. ეს შეხვედრა მეგობრობაში გადაიზარდა. ამ მეგობრობის დასტურად ქ. სამტრედიის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა ბაუსკას ქუჩა. ქალაქ ბაუსკაში კი არის სამტრედიის ქუჩა.
სკოლის ხელმძღვანელთა და პედაგოგთა მაღალმა კვალიფიკაციამ, სწავლებისა და დისციპლინის განსაკუთრებულმა ხარისხმა განაპირობა ის, რომ სკოლის მოსწავლეთა კონტიგენტმა 1300 მიაღწია. საჭირო იყო ახალი სკოლის შექმნა. 1965 წელს პირველი საშუალო სკოლის პედაგოგიური და მოსწავლეთა კოლექტივები ორ ნაწილად გაიყო.
ბატონი დავით გახოკიძე ახლად გახსნილ მე-3 საშუალო სკოლას ჩაუდგა სათავეში, ხოლო პირველ სკოლაში დირექტორად მოვიდა რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი, ქალბატონი ნეოლინა ჯიქიძე, რომელიც მკაცრი და სამართლიანი პედაგოგი იყო.
1991 წელს სკოლის დირექტორად დაინიშნა ბატონი მიხეილ მესხი. იგი ჩვენი ქვეყნის უმძიმეს წლებში ღირსეულად გაუძღვა სკოლას და არაერთ წარმატებას მიაღწია. გაიხსნა პროფილური სწავლების კლასები, ინფორმატიკისა და რესურსების კაბინეტები. გაიზარდა ზონალურ და რესპუბლიკურ კონკურსებსა და ტურებში გამარჯვებულ მოსწავლეთა რაოდენობა.
2000 წელს N1 საჯარო სკოლა დაუმეგობრდა საფრანგეთის ქალაქ ნოჟან-ლე როტრიუს არსენ მონიუს სახელობის კოლეჯს. სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ურთიერთობა კოლეჯის მე-3 კლასის მოსწავლეებსა და N1 სკოლის VII კლასელთა შორის. ბავშვები ერთმანეთს უგზავნიდნენ წერილებსა და ამანათებს. მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა ფრანგული ენის მასწავლებელი, ქალბატონი ირმა ვაშაკიძე. პედაგოგი მომავალშიც აპირებს მათთან ურთიერთობის გაგრძელებას.
2004-2005 წლებში სკოლის დირექტორსა და მოსწავლეებს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ქ. მორლოვკის N14 სკოლის დირექტორთან და VIIIა კლასელებთან. ბავშვები ერთმანეთს წერდნენ წერილებს, უგზავნიდნენ სუვენირებს. 2005 წლის აპრილში სკოლაში მოვიდა ოფიციალური მიწვევა, მაგრამ სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, სკოლის მოსწავლეებმა წასვლა ვერ მოახერხეს.
სამტრედიის N1 საშუალო სკოლას 1976 წლის 6 მაისს მიენიჭა ამ სკოლის ყოფილი მოსწავლის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, საბჭოთა კავშირის გმირის ვახტანგ ვლადიმერის ძე ჩიქოვანის სახელი.
სამტრედიის N1 საშუალო სკოლაში აღიზარდა ბევრი გამოჩენილი ადამიანი. მათ შორის არიან: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, (აწ გარდაცვლილი) რომან პაპავა. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, (აწ გარდაცვლილი) ზაურ წულაია. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რომან შენგელია. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჯემალ კახნიაშვილი. ცნობილი ექიმი გენო გეგეშიძე. სკოლის კედლებში აღიზარდა ირაკლი ქუთათელაძე, რომელიც გმირულად დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას. იგი დაჯილდოვდა წმიდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. 2007 წლის 18 სექტემბერს სკოლაში გაიხსნა ირაკლი ქუთათელაძის მემორიალური დაფა, რომელსაც დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
N1 საჯარო სკოლა ტრადიციულად ინარჩუნებს საპატიო ადგილს რაიონის სასწავლო დაწესებულებათა შორის. იგი გამოირჩევა პედაგოგიური კოლექტივის მაღალი კვალიფიკაციით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სკოლის მუშაკთა შორის მოწესრიგებული ურთიერთობით, გამორჩეულია რესპუბლიკურ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და საგნობრივ ტურებში გამარჯვებულ მოსწავლეთა სიმრავლით, წარმატებულია სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,როკვა”.
  • ნახვა: 286
Уважаемый пользователь! Вы используете устаревший браузер Internet Explorer 6.
Дальнейшее использование этого браузера влечет за собой высокий риск заражения Вашего компьютера вирусами.
Чтобы сделать пребывание в Интернете более удобным и безопасным, рекомендуем установить себе    Internet Explorer 9