ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსნის” პრეზენტაცია გაიმართა
დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ჰუმანური თაობის” პროექტ ,,ვეფხისტყაოსნობის” ფარგლებში სამტრედიელ მოსწავლეთა მიერ შესრულებული ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსნის” პრეზენტაცია გაიმართა.
სამტრედიის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში შეკრებილ საზოგადოებას, პროექტის ავტორმა და სულის ჩამდგმელმა, ნატალია კოპალეიშვილმა ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსანი” წარუდგინა და იმ ფასდაუდებელ შრომასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც ხელნაწერის შექმნას უკავშირდება.
2 წლის წინ დაწყებულ საქმიანობაში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ. მათ მიერ შესრულებული ხელნაწერი გვერდები აიკინძა, ყდაში ჩაისვა და უნიკალურ ნაშრომაც იქცა.
,,ჰუმანურ თაობასთან” ერთად პროექტის ინიციატორია საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების სამტრედიის სადროშო. მათ დღეს კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება მომავალი თაობებისთვის ეროვნული და კულტურული ღირებულებების მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადეს თითოეულ მონაწილეს პროექტში ჩართულობისთვის.
ღონისძიებაზე თეატრალიზებული წარმოდგენა გვაჩვენეს სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც თინათინის გამეფების ეპიზოდი გააცოცხლეს.
ამაღელვებელი იყო მოსწავლეთა მიერ წაკითხული უკვდავი სტროფები ,,ვეფხისტყაოსნიდან”. საღამოს სამტრედიის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა მიერ შესრულებული საგალობელი და ფოლკლორული ნიმუშები ერთვოდა.
ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსანი” ბინას სამტრედიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაიდებს და მისი ნახვა დამთვალიერებელს შეეძლება.
პროექტის პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




