განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» » თეა წულუკიანი რეგიონებში მოქმედ სალოტბარო სკოლებში ვიზიტს განაგრძობს
RDRC.GE
თეა წულუკიანი რეგიონებში მოქმედ სალოტბარო სკოლებში ვიზიტს განაგრძობს
კატეგორია:  სიახლე

სურათი

   თეა წულუკიანი რეგიონებში მოქმედ სალოტბარო სკოლებში ვიზიტს განაგრძობს

   საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სალოტბარო სკოლებში ვიზიტს განაგრძობს. მინისტრი, ამჯერად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერ დავით ბახტაძეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასთან ერთად, სამტრედიის სალოტბარო სკოლაში იმყოფებოდა.

   სამტრედიის სალოტბარო სკოლა დროებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში ფუნქციონირებს. თეა წულუკიანი სკოლის ლოტბარ ბესო მახათაძესთან ერთად გაეცნო სასწავლებლის მუშაობას და მოისმინა ინფორმაცია სკოლის საჭიროებების შესახებ. შეხვედრაზე მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.

   მინისტრმა მადლობა გადაუხადა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომლებმაც სალოტბარო სკოლას ურყევი მხარდაჭერა აღმოუჩინეს; ასევე - პედაგოგებს რეგიონში ქართული ფოლკლორული ხელოვნების მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ამ დარგის განვითარება კულტურის სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესია.

   აღსანიშნავია სკოლის ლოტბარის, ბესო მახათაძის, თავდაუზოგავი შრომა სამტრედიის სალოტბარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის. საქმე ის არის, რომ სამტრედიის სალოტბარო სკოლას ადგილობრივი ლოტბარი არ ჰყავს და ბესო მახათაძე თბილისიდან კვირაში რამდენჯერმე დადის იქ გაკვეთილების ჩასატარებლად.

   სამტრედიის სალოტბარო სკოლა ახალი თაობის ლოტბარებს ზრდის, რაც უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტეტისა და ქვეყნისთვის.

   სამტრედიის სალოტბარო სკოლა 2018 წელს ანზორ ერქომაიშვილის თაოსნობით დაფუძნდა. სასწავლებელში ამ ეტაპზე 55 მოსწავლეა. ახალგაზრდები უსასყიდლოდ ეუფლებიან ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერას.

   კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით, სალოტბარო სკოლის მოსწავლეები არაერთ შემოქმედებით, თუ შემეცნებით პროექტში მონაწილეობენ; მათ შორის: მიმდინარე წელს უკვე მეოთხედ გაიმართება სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“. სკოლებს შორის მოქმედი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები, ერთმანეთის უკეთ გასაცნობად და სხვა კუთხის სიმღერების შესასწავლად, ესტუმრებიან სხვადასხვა რეგიონს და გაეცნობიან მის კულტურასა თუ წეს-ჩვეულებებს. ხოლო მთელი წლის მანძილზე სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა კონცერტების ციკლს უმასპინძლებს საქართველოს ფოლკლორის ცენტრის საკონცერტო დარბაზები თბილისსა და ოზურგეთში; კონცერტებში, რეგიონებთან ერთად, თბილისში მოქმედი ბავშვთა ანსამბლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

   ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, დღეს ქვეყანაში 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც უფასოდ შეისწავლება ქართული ტრადიციული გალობა, საკრავებზე დაკვრა და ხალხური სიმღერა. კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უკვე მოინახულა მესტიის, ლენტეხის, ამბროლაურისა და ონის სალოტბარო სკოლები.

   სალოტბარო სკოლების გახსნის იდეა დიდ ქართველ მოღვაწეს, ლოტბარსა და კომპოზიტორს, ანზორ ერქომაიშვილს, ეკუთვნის. პირველი სკოლა მისი თაოსნობით 2015 წელს ქ. ამბროლაურში გაიხსნა. დღეს კი მთელ საქართველოში ათასზე მეტი მოზარდი სახელმწიფოს მხარდაჭერით, უსასყიდლოდ, ეუფლება ქართულ ფოლკლორულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.

  • კომენტარი: 0
  • ნახვა: 199