წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
სამტრედიის მუნიციპალიტეტში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჭიჭინაძემ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, რომლებმაც 100-ზე მეტ წარჩინებულ მოსწავლეს საჩუქრად კომპიუტერები გადასცეს.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა და მოსწავლეთა მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
დაჯილდოების ცერემონია სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ხელოვანთა დარბაზში გაიმართა და მას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი იმედა ნიკურაძე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი კუპრავა.
პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს. იმერეთის რეგიონში წელს 958 წარჩინებული მოსწავლეა, აქედან ქუთაისში - 335, ხოლო სამტრედიაში 102.
ყოველწლიურად კომპიუტერები გადაეცემათ იმ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 4 846 წარჩინებული მოსწავლე იყო, წელს კი – 4 956 მოსწავლეა.