სამტრედიის მუნიციპალიტეტი

Samtredia Municipality

აუქციონი
ტენდერი
ფოტოგალერეა
00.00.00
გაიმართება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სხდომა
» ისტორიული ცნობები
ისტორიული ცნობები

■ ზოგადი ცნობები სამტრედიის შესახებ

,,იმ ადგილას, სადაც დღეს სამტრედიის რკინიგზის სადგურია და სხვადასხვა ნაგებობაა გაჭიმული, თითქმის გაუვალი ტყე იყო, მონადირე თუ შევიდოდა შიგ, თორემ მგზავრს, ვაჭარს და საქმის კაცს აქ რა უნდოდა. ახლომახლო ხალხი დღევანდელზე ღარიბი იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც მატარებლის სტვენა გაისმა, სამტრედიის ახლომახლო სოფლებს დრო დაუდგათ, ხალხი მისვლა-მოსვლას და ფულის მოგებას შეუდგა.”
1892 წ. გაზეთი ,,ივერია”
,,სამტრედიის განვითარებას ხელი შეუწყო რკინიგზამ. იმ ადგილას, სადაც დღეს სადგურია, მის გარშემო ნახევარი საუკუნის წინათ არავინ სახლობდა. აქ გაუვალი ტყე იყო და მის გარშემო მგლები, ტურები დადიოდნენ. მაგრამ რკინიგზის გაყვანამ და სადგურის დაარსებამ გამოიწვია აქ მთელი დაბის წარმოშობა. სამტრედია პირმშოა რკინიგზის ლიანდაგისა და მის მიერ გამოწვეული მეურნეობის განვითარებისა.”
1909 წ. გაზეთი ,,დროება”
,,რიონის ჭალა, სადაც სამტრედია იყო გაშენებული, შავ ზღვამდე ჭაობიან ტყეს წარმოადგენდა. აქ რკინიგზის გაყვანამ ხალხი განამრავლა, ტყე გაამინდვრა, ჰავა გააკეთა, ვაჭრობა და აღებ-მიცემობა ააღორძინა. უცხო ქვეყნის ვაჭარი ხალხი მოიყვანა და ჩვენს ხალხს მათგან ფული აშოვნინა.”
1899 წ. გაზეთი ,,ივერია”
ამ ცნობებისა და ხალხური გადმოცემების შეჯერებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის რეალობა, როცა წარმოიშვა სამტრედია. დაბა სამტრედია წარმოიქმნა 1870 წელს რკინიგზის გაყვანის შედეგად და იმის გამო, რომ იგი ბათუმისა და ფოთის ხაზების საკვანძო პუნქტში მოხვდა, ამიერკავკასიაში პირველი რიგის რკინიგზის სადგურად იქცა. თავისი ტერიტორიული მდებარეობის წყალობით (სამი მაზრის-ქუთაისის, სენაკისა და ოზურგეთის საზღვარზე იყო) ახლადწარმოქმნილი სამტრედია სწრაფად ვითარდებოდა და ქუთაისის გუბერნიის სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საქონლის გასაგზავნი ცენტრალური პუნქტი და სავაჭრო ცენტრი ხდება. სამტრედიის დასახლებას ამიერკავკასიის რკინიგზის გაყვანამდე მხოლოდ 364 დესეტინა მიწა ეკავა. იგი ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც მდინარე რიონის ნაპირზე მდებარე სოფელი სამტრედია (ამჟამად ძველი სამტრედია), სადაც ქუთაისიდან მომავალ გზატკეცილს უერთდებიან გურიის და სამეგრელოს მთავარი გზები. სოფელი სამტრედია, როგორც გეოგრაფიულ-ადმინისტრაციული ერთეული, გვხვდება მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის წყაროებში. სამტრედიის მოსახლეობის ძირითად მასად ს. კულაშის მესაკუთრე გლეხები ითვლებოდნენ, რომლებიც თავიანთ თავს სამტრედიის მცხოვრებად თვლიდნენ.
სამტრედიის გადაქცევა საკვანძო ცენტრად იმას ნიშნავდა, რომ მას მომსახურება უნდა გაეწია მეზობელი სადგურებისა და ხაზინებისათვის, ეს კი იწვევდა სარკინიგზო სახელოსნო საწარმოებისა და დეპოს მშენებლობის გაფართოებას. თავდაპირველად სამტრედიაში მცირე მოცულობის ორი ორთქმავლის ტევადობის დეპო არსებობდა. შემდგომში კი ორჯერ გაფართოვდა. ბათუმის ხაზის გაყვანის შემდეგ სამტრედიის დეპომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბათუმის, ფოთისა და ყვირილის ხაზების ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლოატაციის საქმეში.
სატრანსპორტო მოძრაობის გაძლიერებამ, რასაც მოჰყვა გაცხოველებული ვაჭრობა, გამოიწვია რკინიგზის სადგურისა და დეპოს გაფართოება. ეს შეესატყვისებოდა იმ დროის მოთხოვნებს. 80-იანი წლებიდან იწყება სამტრედიის დეპოს მშენებლობა. სპეციალურმა კომისიამ ამისთვის შეისყიდა კიდევაც მიწები. გზის უფროსის მიერ შედგენილი გეგმით, რკინიგზის სამმართველოს განკარგულებაში გადავიდა მიწის ნაკვეთები ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ სამტრედიის გასაფართოებლად.
მე-19 საუკუნის 90-იან წლებში სამტრედიის პოლიტიკურ ცხოვრებაში თავს იჩენს ერთი ელემენტი. ეს არის მისი ქალაქად გადაქცევის საკითხი. ამას გარკვეული ეკონომიკური საყრდენები გააჩნდა. არასრული ცნობით, 1896 წელს სამტრედიაში იყო 1200 სახლი. მეორე, უფრო გვიანი ცნობით 1400, რომელთაგან 207 ქვის და 998 ხის იყო. გარდა ამისა სამტრედიაში იყო 16 სახლი მომსახურეთათვის, 1 სამგზავრო შენობა, 1 სასწავლებელი, 1 დეპო 18 ორთქმავლისთვის და 2 დეპო თითოეული ორ-ორი ორთქლმავლისთვის, წყალსაქაჩი და რკინიგზის ნაგებობანი.
1896 წლისთვის სამტრედიაში სულ 413 სავაჭრო-სამრეწველო შენობა იყო. მათგან სახამროები, დუქნები, სამიკიტნოები, ბაყალეია, მანუფაქტურა, საპარიკმახერო, სამჭედლო, სამკერვალო, სახარაზო, ფურნე. საწყობები: ღვინის, სიმინდის, ნავთის, ხელოვნური მინერალრი წყლის ქარხანა, აგურის ქარხანა. სამტრედიის სავაჭრო მიმოქცევა აღწევდა 1,5 მილიონ მანეთს. ბაზრობის დღეს (პარასკეობით) აქ თავს იყრიდა 2000-მდე კაცი. როდესაც მე-19 საუკუნის 90-იანი წლების სამტრედიის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკობენ, არ შეიძლება ხაზი არ გაესვას მეურნეობის ისეთ დარგს, როგორიცაა მეაბრეშუმეობა, რომელმაც ქუთაისის მაზრაში განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა.
1899 წელს სამტრედიაში ამოქმეედა ნავთსადენის ბაზა, ხოლო 1907 წლისთვის. 420-მდე სავაჭრო-სამრეწველო და საფაბრიკო დაწესებულება მოქმედებდა.
1893 წლის აღწერით, სამტრედიის ფარგლებში შემავალი მუდმივი მცხოვრები 370 კომლს შეადგენდა, 1917 წელს 10800 სულს უდრიდა, ხოლო 1919 წლის ბოლოსთვის 12000 სულს.
მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან სამტრედია გახდა პირველი რიგის რკინიგზის საკვანძო ქალაქი. სამტრედია გადაიქცა ისეთ ქალაქად, რომელიც თავის ბაზარზე არა მარტო სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის პროდუქცია იზიდავდა, არამედ სამუშაო ძალასაც. მე-19 საუკუნის 90-იან წლებამდე სამტრედიაში არ არსებობდა არც ერთი ბიბლიოთეკა. მოპქმედებდა ერთი ერთკლასიანი სამინისტრო სკოლა, რომელიც 1892 წელს გაიხსნა. ამას მწვავედ განიცდიდნენ მოწინავე ადამიანები და ცდილობდნენ მდგომარეობის გამოსწორებას.
1895 წლისათვის სამტრედიაში ინტელიგენციის მეოხებით ამოქმედდა კულტირულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები: ერთი წიგნსაცავი, წიგნის მაღაზია, რკინიგზის ორკლასიანი სასწავლებელი და სამინისტრო სკოლა, რომელიც ნაქირავებ სახლში იყო გამართული.
1916 წლის პირველ ნახევარში სამტრედიაში დაარსდა სახალხო თეატრი. რეჟისორად მოწვეულ იქნა ალ. გუგუშვილი.
1913 წელს გაიხსნა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი და სწავლის ფასი დაწესდა 30 მანეთი.
  • ნახვა: 328
Уважаемый пользователь! Вы используете устаревший браузер Internet Explorer 6.
Дальнейшее использование этого браузера влечет за собой высокий риск заражения Вашего компьютера вирусами.
Чтобы сделать пребывание в Интернете более удобным и безопасным, рекомендуем установить себе    Internet Explorer 9