საზეიმოდ გაიხსნა სრულიად განახლებული საფეხბურთო მოედანი
ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე, საზეიმოდ გაიხსნა სრულიად განახლებული საფეხბურთო მოედანი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
მოედნის გახსნის პარალელურად გაიმართა მინი ფეხბურთის ტურნირი „ეროსი 100“, რომელიც ეროსი მანჯგალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებების ნაწილია. ტურნირში 2014 წელს დაბადებულთა ასაკობრივ კატეგორიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა სპორტულმა კლუბებმა.
ღონისძიება სამტრედიის მერიის ორგანიზებით ჩატარდა და მიზნად ისახავს ბავშვებისა და ახალგაზრდების ფიზიკური აქტივობის წახალისებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტისადმი სიყვარულის გაღრმავებას.
აღნიშნული სივრცე სრულად არის ადაპტირებული თანამედროვე მოთხოვნებთან და მზად არის მასპინძლობა გაუწიოს როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ სპორტულ ღონისძიებებს.
სასიხარულოა, რომ ყოველ ახალ სპორტულ სივრცესთან ერთად, ჩვენს მუნიციპალიტეტში იზრდება ტრადიცია — თითოეული მოედნის გახსნას ახლავს ახალი სპორტული ტურნირის დაარსება. დღეს დაფუძნდა ეროსი მანჯგალაძის სახელობის ტურნირი, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება.
ცნობისთვის, იმერეთში სამტრედია დასახელდა ერთ-ერთ საუკეთესო მუნიციპალიტეტად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.