■ დირექტორი - გიორგი ფანცულაია

   მდინარე რიონის ხეობაში, ქუთაისიდან დასავლეთით, 20 კილომეტრზე, მდებარეობს ქვემო იმერეთის ერთ-ერთი ლამაზი სოფელი დიდი ჯიხაიში. ამ სოფლის შუაგულში, ასწლოვანი ხეებით დამშვენებულ ეზო-პარკში დგას დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტის, დიდი იურისტის, ეკონომისტის, ფინანსისტისა და მრავალმხრივი საზოგადო, პოლიტიკური და პრაქტიკოსი მოღვაწის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ბრწყინვალე წარმომადგენლის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი. იგი დაარსდა 1947 წლის 29 ივნისს საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით ნიკოლაძისვე სახლში.

   1951 წლის 1 ივლისს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ნიკო ნიკოლაძის სახლ- მუზეუმი, ნიკოლაძისეული სახლის ორ ოთახში. მუზეუმის გახსნის პირველ ხანებში, მუზეუმის ფონდში ერთადერთი მემორიალური ნივთი არსებობდა-ნიკოს მიერ პარიზიდან ჩამოტანილი თუჯის ღუმელი. ტექნიკუმის სასწავლო მეურნეობაში და სოფლის მოსახლეობაში მუზეუმის მაშინდელმა მესვეურებმა აღმოაჩინეს ნიკოსეული მრავალი საოჯახო და სამეურნეო ნივთი, რომელთაგან უმეტესობა ნიკოს ჩამოტანილი იყო საზღვარგარეთიდან. მემორიალური ნივთები მუზეუმს გადმოსცეს ნიკო ნიკოლაძის ოჯახის წევრებმაც. დღეს მუზეუმის ფონდი მოიცავს 1340-ზე მეტ ძირითად ექსპონატს. მუზეუმს აქვს მდიდარი წიგნადი ფონდი და ბიბლიოთეკა. წლების მანძილზე გაიზარდა და გამრავალფეროვნდა მუზეუმის ექსპოზიცია, გამდიდრდა ფონდები, 1958-დან 2003 წლამდე მუზეუმში ჩატარდა 5 კაპიტალური რემონტი, მაგრამ ეს არაა საკმარისი 122 წლის მემორიალური კომპლექსისთვის.

   1958 წელს მუზეუმის ერთ ოთახში განთავსდა ნიკო ნიკოლაძის სახელოვანი ვაჟის გიორგი ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა. ეს უკვე ცალკე მუზეუმია. ასე რომ, დიდ ჯიხაიშში ორი მუზეუმი არსებობს ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების მემორიალური მუზეუმები. ცნობილი მოქანდაკის, დიდი ჯიხაიშელი ვლადიმერ (დუტუ) ჩხეიძის ავტორობით მუზეუმის ეზოში დაიდგა ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების ძეგლები.

   1953 წელს მუზეუმში ფართო მასშტაბით აღინიშნა ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 110 წლისთავი, რომელიც დიდ სახალხო ზეიმად იქცა. ამის შემდეგ ყოველ 5 წელიწადში ტარდებოდა დიდი საიუბილეო ზეიმები, რომელიც 1972 წლიდან გადაიზარდა ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულად ,,ნიკოობად”-,,ნიკო ნიკოლაძის დღედ”.

   1976 წლიდან მუზეუმში ფუნქციონირება დაიწყო ლიტერატურის, კულტურის და ხელოვნების სახალხო უნივერსიტეტმა, რომლის შეკრებები ტარდებოდა ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს. მუზეუმი ეწეოდა და ეწევა სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო, შეგროვებით, საექსპოზიციო და სხვა სახის სამუშაოებს. დღემდე მუზეუმში დამუშავებულია 60-ზე მეტი სამეცნიერო თემა და 50-ჯერ მოწვეულია სამეცნიერო სესია, კონფერენცია და სხვა. მუზეუმი დღიდან დაარსებისა დაახლოებით 3 მილიონამდე ადამიანმა დაათვალიერა. დამთვალიერებელთა აღტაცებასა და აღფრთოვანებაზე შთაბეჭდილებათა წიგნები მეტყველებენ. მუზეუმის მდიდარი ექსპოზიცია და საფონდო მასალა ნათელ წარმოდგენას იძლევა ნიკო ნიკოლაძის, ამ ენციკლოპედიური ცოდნის მქონე და მრავალმხრივი მოღვაწის შესახებ ასახავს მის ურთიერთობას რუსეთისა და ევროპის მრავალი ქვეყნის საზოგადო, პოლიტიკურ, ლიტერატურულ მოღვაწეებთან, ბიზნესმენებთან, საქმიან წრეებთან; ნათელს ჰფენს მე-19 და მე-20 საუკუნეების საქართველოს, რუსეთისა და ევროპის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-ეკონომიკური და ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების, ურთიერთობების მრავალ საჭირბოროტო საკითხს. კერძოდ: მარსელ დეპრეს ცნობილი ექსპერიმენტის განხორციელებაში მის მონაწილეობაზე; ნიკო ნიკოლაძის გრანდიოზულ პროექტებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში რუსეთსა და რუსეთისათვის, შუა აზიის ერთ-ერთი უდიდესი უდაბნოს ოაზისად გადასაქცევად, სარკინიგზო მაგისტრალების მშენებლობის შესახებ საქართველოში, რუსეთსა და რუსეთისათვის შორეული ინდოეთისა და ჩინეთისკენ, ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის პროექტის განხორციელებასა და ფუნქციონირებას როთშილდებთან, ნობელთან ერთად, ქალაქმშენებლობისათვის მის დაუღალავ ბრძოლას (დემოკრატიული, მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების მოთხოვნების ჩათვლით) და სხვადასხვა... ნიკოლაძის და-ძმებმა უმაღლესი განათლება შვეიცარიაში - ციურიხისა და ჟენევის უნივერსიტეტებში მიიღეს. თავად ნიკო ნიკოლაძე უმაღლეს იურიდიულ განათლებას სორბონის, ჟენევისა და ციურიხის უნივერსიტეტებში იღებდა. ციურიხის უნივერსიტეტშივე დაიცვა მან სადოქტორო დისერტაცია თემაზე ,,განიარაღება და მისი სოციალ-ეკონიმიკური შედეგები”, რითაც იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის წოდება მოიპოვა. მისმა ვაჟმა, ცნობილმა მათემატიკოსმა, ინჟინერ-მეტალურგმა, ინჟინერ-გამომგონებელმა, სპორტსმენმა-ტანმოვარჯიშემ, ალპინისტმა და მეტად მრავალმხრივმა პიროვნებამ სადოქტორო დისერტაცია სორბონის უნივერსიტეტში დაიცვა და სხვა. დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის მუზეუმში ყურადღებას იქცევს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში პირველი და ერთადერთი ქარის ძრავა, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ 1910 წელს ააგო. ამ ნაგებობით ხდებოდა წყლის მექანიკური ამოტუმბვა ჭიდან და ყველა შენობა-ნაგებობის, ნათესების წყლით მომარაგება. შესაძლოა ამ ძრავასთან დამონტაჟდეს მიკროელექტროგენერატორიც, რაც მთელ მემორიალურ კომპლექსს ელექტროენერგიით მოამარაგებს საჭირო დროს. ნიკოლაძემ თავისი საცხოვრებელი სახლი ააგო 1886 წელს. შემდეგ სამჯერ გადააკეთა.

   1910-იან წლებში სახლმა საბოლოო სახე მიიღო შვედი არქიტექტორის ფრიდის მიხედვით. სახლი გადახურულია მარსელიდან ჩამოტანილი კრამიტით, რომელიც რამდენიმე ადგილას სარკმლის მოვალეობასაც ასრულებს. სახლის აივნები, მარანი, სარდაფი და სხვა მოგებულია ევროპიდან ჩამოტანილი, რუსეთის იმპერიაში სახლმშენებლობაში პირველად გამოყენებული ბეტონით, რომლითაც ნიკომ ააგო ქალაქი ფოთი და ფოთის პორტი. სხვა მემორიალურ ნივთებს შორის გამოფენაში ყურადღებას იქცევს ნიკოს მიერ საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი საოჯახო ნივთები სა სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღები. კერძოდ: ბერლინიდან ჩამოტანილი პიანინო, ბარომეტრი და თერმომეტრი, საანგარიშე და საფანქრე, რკინის ჭადრაკის მაგიდა და სკამები, ხელის სარეცხი მანქანა, დრეზდენიდან ჩამოტანილი სერვიზის ნაწილი, ,,ვერმოლილის” ფირმის გოგირდის შესაწამლი მანქანა. ბოთლების თავსაცობი მანქანა, ბერლინიდან ჩამოტანილი აბანო. ავსტრიული ლამფები. პარიზიდან ჩამოტანილი: ნიკოს ქუდები, სათვალე პენსნე და ჯიბის სამელნე, მინის ბუზსაჭერი, პარიზში ნიკოლაძის სპეციალური შეკვეთით დამზადებული მზის საათი სოფელ ჯიხაიშისთვის, რომელზეც აღნიშნულია სოფლის მერიდიანები და მონოგრამა ,,ონ”. თუჯის ღუმელი. დანიაში, კოპენჰაგენში დამზადებული რძის სეპარატორი და კარაქის სადღვები. ლონდონიდან ჩამოტანილი პონის ეტლი. საწერი მაგიდა. ამერიკაში, ცინცინატში დამზადებული სიმინდის საღერღი მანქანა. ამერიკული საბეჭდი მანქანა, რომელიც რამდენიმე ენაზე ბეჭდავდა და შეეძლო ერთდროულად ორი სხვადასხვა ტექსტი აეკრიბა. ამერიკული ,,კოდაკის” ფირმის ფოტოაპარატი, ერთ-ერთი პირველი გამოშვება. რუსეთიდან ჩამოტანილი თივის საწნეხი მანქანა, სპილენძისგან დამზადებული ორი სამოვარი, რუსი მხატვრის მიერ დამზადებული ჭედური წმიდა გიორგის ხატი, რომელიც ქალაქ ფოთის ემბლემაც იყო... ნიკოლაძეს აქვე ჰქონდა გაშენებული საფრანგეთიდან ჩამოტანილი სხვადასხვა ჯიშის ვაზის ზვრები ადგილობრივი, ქართული ჯიშის ვენახებთან ერთად. ეზოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ნიკოს მიერ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ენდემური ჯიშის ხეები: სამხრეთ ამერიკიდან ჩამოტანილი სექვოია. ამერიკული კაკლის ხეები, საპნის ხე, კორპის მუხა, ჰიმალაის კედარი, გასული საუკუნის 70-იან წლებამდე ამ ეზოს ამშვენებდა სამხრეთ ამერიკიდან ჩამოტანილი არაუკარია, ქონის ხე, აქვეა კატალპა - იტალიური ჭადარი, გლიცინია, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჭადრები, სურნელოვანი ოსმანთუსი და სხვა. მიმდინარე - 2008 წელს სრულდება 165 წელი ,,დიდი ნიკოსა” დაბადებიდან და 80 წელი მისი გარდაცვალებიდან. 120 წელი კი მისი სახელოვანი ვაჟის გიორგი ნიკოლაძის დაბადებიდან.

ძვირფასო ვიზიტორებო,
ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი კვლავაც თქვენს სამსახურშია.

მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე ორშაბათის გარდა
10:00 საათიდან -18 საათამდე
T: 598 950 283
foto foto foto foto foto foto foto foto