ლეგენდარული მსახიობის 100 წლის იუბილე აღინიშნა

ლეგენდარული მსახიობის 100 წლის იუბილე აღინიშნა

   სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის დრამატულ თეატრში, ლეგენდარული მსახიობის 100 წლის იუბილე განსაკუთრებული თეატრალური საღამოთი აღინიშნა. ღონისძიებას ცნობილი ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.

   საღამოზე შეკრებილმა მაყურებელმა იხილა ქართული თეატრის ვარსკვლავების დაუვიწყარი შესრულება. სცენაზე წარდგნენ მაკა შალიკაშვილი, როლან ოქროპირიძე, ბექნუ ქაფიანიძე, ნანული სარაჯიშვილი, რუსუდან ბოლქვაძე, ნუგზარ კვაშალი, ბესიკ კალანდაძე, ასევე სამტრედიის დრამატული თეატრის მსახიობები.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე. მათთან ერთად, დარბაზში იმყოფებოდნენ თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები, რომლებმაც პატივი მიაგეს ეროსი მანჯგალაძის ხსოვნას და კიდევ ერთხელ გამოხატეს მისი ხელოვნებისადმი პატივისცემა.

მსახიობებმა თეატრალური ფორმით გადმოსცეს ეროსი მანჯგალაძის ცხოვრების და შემოქმედების მნიშვნელოვანი ეპიზოდები. საღამომ გააერთიანა გულწრფელი ემოციები და თეატრისადმი სიყვარული. მაყურებელმა განსაკუთრებული მოწონებითა და ტაშით დააჯილდოვა თითოეული გამოსვლა.

   ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროსი მანჯგალაძის ღვაწლს ქართულ სცენაზე და მის სახელს თეატრის ისტორიაში. მისი უნიკალური ნიჭი, მრავალფეროვანი როლები და დაუვიწყარი შესრულება დღესაც შთაგონების წყაროა მომავალი თაობებისთვის. ეროსი მანჯგალაძის მემკვიდრეობა ცოცხლობს არა მხოლოდ მის მიერ შესრულებულ როლებში, არამედ იმ სიყვარულშიც, რომელიც მან მაყურებლის გულებში დატოვა.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი