სამუშაო თათბირი
ორშაბათს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მერის დავით ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართა სამუშაო თათბირი, სადაც განიხილეს როგორც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე რიგი მნიშვნელოვანი თემები.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი შეეხებოდა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურსა და თავდაცვის კოდექსში 2025 წლიდან ძალაში შესულ ცვლილებებს. თათბირს ესწრებოდნენ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ცენტრის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ვახტანგ ლომთაძე, ცენტრის მასტერ-სერჟანტი გიორგი მელიქიძე და სამტრედიის მუნიციპალური სამხედრო განყოფილების უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი ავთანდილ მანჯგალაძე.
შეხვედრაზე სტუმრებმა დეტალურად ისაუბრეს ცვლილებებზე, რომლებიც ეროვნულ თავდაცვით სისტემაში იგეგმება და რომლის მიხედვითაც:
შერჩევა წელიწადში ერთხელ, ელექტრონული შემთხვევითობის პრინციპით განხორციელდება;
სამხედრო სამსახური შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში;
სამსახურის ხანგრძლივობა და ანაზღაურება განისაზღვრება ქვედანაყოფის ტიპის მიხედვით:
საბრძოლო ქვედანაყოფი – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი;
საბრძოლო მხარდაჭერის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი;
უმცროსი სამეთაურო ან სპეციალური პოზიციები – 11 თვე, სერჟანტებისთვის 1275 ლარი, ოფიცრებისთვის 1530 ლარი;
საკუთარი სურვილით გაწვეულებისთვის — ანაზღაურება 30%-ით გაიზრდება.
სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია ბენეფიტი — სამხედრო სამსახურთან ერთად შესაძლებელია სწავლის საფასურის დაფინანსება. სამუშაო თათბირს ასევე ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობასა და მუნიციპალიტეტში მაღალი ჩართულობის მაჩვენებელზე. აღინიშნა, რომ სამუშაოები მიმდინარეობს წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რაც შესაძლებლობას აძლევდა ყველა მონაწილეს, დეტალურად მიეღო ინფორმაცია მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს, თავდაცვის ძალების საქმეში გამოჩენილი მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის, სიგელი გადაეცა.