სამტრედიაში დასრულდა მე-8 საერთაშორისო საჭადრაკო მემორიალი

სამტრედიაში დასრულდა მე-8 საერთაშორისო საჭადრაკო მემორიალი

   სამტრედიაში დასრულდა ანზორ მაჩიტიძის სახელობის მე-8 საერთაშორისო საჭადრაკო მემორიალი, რომელიც წელს განსაკუთრებით მასშტაბური იყო — ტურნირში მონაწილეობა 180-მდე მოჭადრაკემ მიიღო.

   დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდა ტიტულოვანი ქართველი მოჭადრაკე ნანა იოსელიანი, რომელმაც გამარჯვებულებს პირადად მიულოცა წარმატება.

   გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვაჟა სტურუამ და საჭადრაკო სფეროს წარმომადგენლებმა.

   ჯამში 29 პრიზიორი გამოვლინდა. განსაკუთრებულია ისიც, რომ გამარჯვებულთა შორის სამი სამტრედიელი მოჭადრაკეა — 12 და 14 წლამდე გოგონათა შორის პირველი ადგილები დაიკავეს დებმა ანა და მარიამ ბელთაძეებმა, ხოლო ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე გაბრიელ გოგიბერაშვილი დაჯილდოვდა განსაკუთრებული ასპარეზობისთვის. სამივე მათგანის მწვრთნელია ნინო ჯვარშეიშვილი.

   ტურნირი, ტრადიციულად, მიეძღვნა გამორჩეულ პიროვნებას — ღირსეულ მწვრთნელსა და საჭადრაკო მოღვაწეს ანზორ მაჩიტიძეს, რომელიც დაიბადა სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში და წლების განმავლობაში დაუღალავად ზრუნავდა ახალგაზრდა მოჭადრაკეთა განვითარებაზე და დასავლეთ საქართველოს საჭადრაკო კულტურის გაძლიერებაზე.

   მემორიალის ორგანიზატორია ანზორ მაჩიტიძის ოჯახი, მისი ქალიშვილი მაკა მაჩიტიძე, რომლის ინიციატივითაც ტურნირი უკვე მრავალი წელია წარმატებით ტარდება და ყოველწლიურად ფართოვდება.

   მემორიალი ჩატარდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის, სამტრედიის ჭადრაკის ფედერაციის, კომპლექსური სპორტული სკოლის, ასევე საქართველოს, იმერეთისა და სამტრედიის ჭადრაკის ფედერაციების ერთობლივი ორგანიზებით.

   ტურნირს წელს საერთაშორისო სტატუსი ჰქონდა და მასში მონაწილეობდნენ მოწვეული მოჭადრაკეები სხვადასხვა ქვეყნიდან.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი