1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნა

1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნა

   სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვაჟა სტურუამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ტიტების კომპოზიციებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

   36 წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღიდან, როცა მშვიდობიანი მომიტინგეები თბილისში საბჭოთა ძალების მიერ სასტიკად დაარბიეს. 9 აპრილი დღეს სიმბოლოა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლის, ერთიანობისა და თვითგანწირვის.

   დღესვე, აღნიშნულ თემას მიეძღვნა მემორიალთან გამართული ამაღელვებელი ღონისძიება, რომელიც სსიპ ქ. სამტრედოის N 2 საჯარო სკოლამ მოაწყო. პედაგოგების, ნატო ჯამბურიასა და დირექტორის, თეა კარტოზიას ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა პატრიოტული კომპოზიციებით კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ამ დღის ისტორიული მნიშვნელობა.

   ღონისძიების ფარგლებში, სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ მადლობის სიგელი გადასცა პედაგოგ ნატო ჯამბურიას – 9 აპრილის თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში გამოჩენილი აქტიური ჩართულობისა და მოსწავლეებში ეროვნული ცნობიერების გაღვივებისთვის.

   დავით ბახტაძე – სამტრედიის მერი: „9 აპრილი გვახსენებს, თუ რამდენად დიდია თავისუფლების ფასი. ეს დღე გვაკისრებს პასუხისმგებლობას – ვიყოთ ერთიანები, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას ღირსეულად და პატივი ვცეთ მათ, ვინც ამ გზას საკუთარი სიცოცხლე შესწირა.“

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი