14 აპრილი დედა ენის დღეა!

14 აპრილი დედა ენის დღეა!

14 აპრილი დედა ენის დღეა! ქართული ენისა, რომელიც მარადისობაა-წარსულიც, აწმყოც და მომავალიც… ამ თარიღს, დღეს, ერთობლივი ღონისძიება მიუძღვნეს სამტრედიის N12 და N10 საჯარო სკოლების მოსწავლეებმა. ენა, როგორც თვითმყოფადობის, სულიერი საგანძურის და ერთიანობის სიმბოლო, სამყაროს ფერებით გადაღებეს, ჩიტივით პატარა გულები გაიდიდგულეს, სასწაულები მოახდინეს და დარბაზს ქართული სიტყვის მადლი მოჰფინეს.

   დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ქართველთა მიწიერ სამებას-,,ენა-მამული-სარწმუნოება” გადაშენება არ უწერია! დედა ენის დღისადმი მიძღვნილ საღამოზე გაჟღერდა ქართული მრავალხმიანი გალობა და ,,მრავალჟამიერი”, წარმოითქვა სიტყვაქარგული ანბანთსადიდებელი, შესრულდა ცეკვა ქართული.

   ღონისძიებას მოადგილესთან და მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე. ,,მიხარია, რომ ტრადიციებს ღირსეული გამგრძელებლები ჰყავს. მაშინ, როცა საოცარი სისწრაფით ვითარდება ტექნოლოგიები, ჩვენისთანა ძირძველ ერს მთავარ იარაღად ცოდნა რჩება. ვხედავ საოცარ ახალგაზრდებს, რომლებიც მომავლის იმედს გვაძლევენ. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს და მადლობას ვუხდი დღევანდელი სულისკვეთებისთვის.”

   მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადეს საჯარო სკოლის დირექტორებმა ნინო ონიანმა და ხატია თევზაძემ.

   ახალგაზრდებს მიმართა და დედა ენაზე საკუთარი ლექსი წაიკითხა სამტრედიელებისთვის კარგად ნაცნობმა ქალბატონმა, ნათელა გელეიშვილმა.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი