სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძის ინიციატივით აკადემიკოს აკაკი შანიძის სახლ მუზეუმი რეაბილიტირდა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ნოღაში, აკაკი შანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ შემეცნებით ღონისძიებას დაესწრნენ, რომელიც განახლებულ სახლ-მუზეუმში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში აკაკი შანიძის სახელობის ნოღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატური ლიტერატურული და მუსიკალური ნომრები და პატივი მიაგეს დიდ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს.
აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს ახლახან ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რის შედეგადაც განახლდა ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კულტურულ-საგანმანათლებლო გარემო.
მერმა დავით ბახტაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს ეროვნული მნიშვნელობის მოღვაწეთა მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალმა თაობამ კარგად იცოდეს და ღირსეულად შეაფასოს იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც ქართული ენისა და მეცნიერების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. მომავალ წელს აკაკი შანიძის დაბადებიდან 140 წლის იუბილე მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება”, — განაცხადა დავით ბახტაძემ.



